ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე აძლევს ჩვენებას.
მოსამართლის, დავით მგელიაშვილის კითხვაზე, ცნობდა თუ არა ზაზა ბაქრაძე წარდგენილ ორივე მუხლში თავს დამნაშავედ, უპასუხა: "წარდგენილ ბრალში მთლიანად ვცნობ თავს დამნაშავედ და ვინანინებ".
დაცვის მხარემ მოსამართლეს ზაზა ბაქრაძის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართ. მათი არგუმენტაციით ბაქრაძე თავის ნებით ჩამოვიდა საქართველოში, დანაშაული აღიარა, შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არსებობს. მათივე განცხადებით, ბაქრაძე პროკურატურის მძევალია.
"ყველას ძალიან გთხოვთ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, როგორიცაა "პროკურატურის მძევალი, ბრალდების უჯრიდან გამოღებული მოწმე" - თავი შეიკავოთ. მე არავის მძევალი ვარ. მე ჩავიდინე დანაშაული, მართალია მკვლელობაში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ რა გაგრძელებაც ამ საქმეს მოჰყვა, იყო დანაშაული. ბრალდების მხარეს არ ვიცნობ, მათი სახელებიც კი არ ვიცი. საქართველოში ჩემით ჩამოვედი, როგორი წვალება გამოვიარე აქ ჩამოსასვლელად, ამის გადამოწმება ძალიან მარტივია, ვინმე რომ დამხმარებოდა ჩამოსვლაში, კარგი იქნებოდა.
მე დღეს მინდა სასამართლოს წინაშე სიმართლე ვთქვა და ვალი მოვიხადო იმ ადამიანების წინაშე, რომელთაც 19 წლის ბიჭი აღარ ჰყავთ, მე მათ წინაშე ვარ დამნაშავე", - განაცხადა ბაქრაძემ.
ზაზა ბაქრაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს. ის ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია.
გამოძიების ინფორმაციით, 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს, ზაზა ბაქრაძემ, სხვა პირებთან ერთად, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შემთხვევის ადგილზე მიიტანა.
ზაზა ბაქრაძეს, ჩადენილი დანაშაულის გამო, 2013 წლის 7 თებერვალს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რის საფუძველზეც, მასზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა.
დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან. აღნიშნულზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზაზა ბაქრაძე, დავით იაშვილი და ზურა მიქაძე. აღნიშნული ყველა პირი, ბაქრაძის გარდა, გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფება.