მახინჯაურში წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს. 1800 კბმ-იანი რეზერვუარი მწვანე კონცხის, მახინჯაურის, განთიადისა და თამარის დასახლებაში მცხოვრები აბონენტებისთვის წყლის თვითდენით მიწოდებას უზრუნველყოფს. ჯამში 5000-მდე აბონენტი წყალმომარაგების ახალ ქსელში ჩაერთვება.
რეზერვუარის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ახალ სისტემაზე დაერთების სამუშაოების შესრულებას შპს „ბათუმის წყალი“ უზრუნველყოფს. რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უნდა დასრულდეს.
მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარი ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში შენდება. სამუშაოებს ერთობლივი საწარმო ,,ლუდვიგ ფაიფერ და ფაიფერ ლაიფციგი" ასრულებს. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 2000 ათას ევროს შეადგენს. მახინჯაურის რეზერვუარი KfW-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში რიგით მეხუთეა. ბათუმის მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, პროექტის ფარგლებში სალიბაურის, ინჯალოსა და ჩაქვის ორი რეზერვუარი აშენდა.