პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს დაკითხულმა მოწმეებმა სასამართლოს მიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს და საერთო ჯამში აბესაძის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
„მერიის თანამშრომლების ჩვენებებით დადასტურდა, რომ ოთარ აბესაძე დაინტერესებული იყო მისთვის სასურველ პირებს დახმარებოდა მერიიდან შესაბამისი ნებართვების აღებაში. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვანია. მოწმეებმა განაცხადეს, რომ ოთარ აბესაძე მათთან მისული იყო და კითხა თუ როგორ შეიძლებოდა მერიიდან ნებართვების აღება. მინდა მოგახსენოთ და განვმარტო შემდეგი, ზოგადად ამ კორუფციული საქმიდან გამომდინარე ქრთამის აღება საჯარო სიავრცეში არ ხდება. ქრთამის აღებაში ძირითადად ორი პიროვნება მონაწილეობს, ან რამდენიმე კაცით მეტი და ისინი კონსპირაციულად ახდენენ გარიგებას. ჩვენ ამ კატეგორიის მოწმეებს სასამართლო პროცესებზე დავკითხავთ, თუმცა დღეს დაკითხულმა მერიის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ აბესაძემ გადაწყვიტა დახმარებოდა მისთვის სასურველ პირებს და ამისთვის მიმართა თხოვნით მერიის მაღალჩინოსნებს“ - განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დღეს დაკითხულ მოწმეებს არ განუცხადებიათ რომ ოთარ აბესაძემ მათ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენა მოსთხოვა, პროკურორი აცხადებს, რომ ამას ვერც მოთხოვდა, რადგან ისინიც პასუხისგებაში მიეცემოდნენ.
„ეს ბუნებრივიცაა, იმ შემთხვევაში თუ ეს საჯარო მოხელეები რაიმე უკანონობას ჩაიდენენ მათი საკითხიც დღის წესრიგში დადგებოდა. გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, არსებობს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელშიც ოთარ აბესაძე ქრთამის სანაცვლოდ თანხას ითხოვს. სწორედ მტკიცებულებათა ერთობლიობა ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ ოთარ აბესაძემ დანაშაული ჩაიდინა“ - განაცხადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.