დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ოთარ აბესაძის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს“ აბესაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნონა ფილაურმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ორ მოწმეს დაკითხავს. თუმცა ადვოკატებისთვის მათი ვინაობა ჯერ უცნობია.
„ბრალდების მხარეს საკმაოდ ბევრი მოწმე ჰყავს და მტკიცებულებების გამოკველვა ამოწურული არ არის. ჩემი როგორც ადვოკატის პოზიციით გეუბნებით, რომ ყველა მოწმე, რომელიც სასამართლოში მოდის ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ოთარ აბესაძეს კონკრეტულად ქრთამის აღება არ განუხორციელებია, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა“ - განაცხადა ნონა ფილაურმა.
პროცესს ოთარ აბესაძეც დაესწრება. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 იანვარს, 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა გასული წლის 12 ივლისს დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.