ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით და პირიქით, რეისებს ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA კვირაში ორჯერ ასრულებს. როგორც ამბროლაურის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას ხორციელდება.
ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის არის 50 ლარი, 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30 %-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.
ავიაბილეთების წინასწარ დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ს ვებგვერდზე: https://goo.gl/ZBeZPm
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 599 26 36 14.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „AK-AIR GEORGIA"-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა იანვრის ბოლოს გასცა.
რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე „AK-AIR GEORGIA"-ს საკუთრებაში ერთი ერთეული L410UVP E ტიპის საჰაერო ხომალდი იმყოფება.
ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.
საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდა ავიაკომპანია „AK-AIR GEORGIA"-ს ფინანსური მდგომარეობის შეფასება, რაც წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს.
გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რომელიც ავიაკომპანიას 31 იანვარს მიენიჭა, ადასტურებს „AK-AIR GEORGIA"-ს ფინანსურ საიმედოობას, არსებული და მის მიერ პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ავიაგადამზიდველი აგრეთვე აკმაყოფილებს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესით" გათვალისწინებულ მოთხოვნებს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ.