მესტიის მიმართულებით ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია AK-AIR GEORGIA ასრულებს. ავიაკომპანია მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და ნატახტარის აეროდრომიდან ახორციელებს.
როგორც მესტიის აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფრენები ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ სრულდება: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.
რაც შეეხება ქუთაისიდან ფრენებს, ის კვირაში ორჯერ: ორშაბათსა და პარასკევს ხორციელდება.
ავიაბილეთების წინასწარ დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანია Vanilla Sky-ს ვებგვერდზე: https://goo.gl/ZBeZPm
ბილეთის ღირებულება:
ნატახტარი - მესტია - 65 ₾
ქუთაისი - მესტია - 40 ₾
12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30 %-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 591 51 25 33.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „AK-AIR GEORGIA"-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი და გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა იანვრის ბოლოს გასცა.
რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიას უფლება ეძლევა განახორციელოს 5700 კგ-ზე ზევით მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის კომერციული ექსპლუატაცია. ამ ეტაპზე „AK-AIR GEORGIA"-ს საკუთრებაში ერთი ერთეული L410UVP E ტიპის საჰაერო ხომალდი იმყოფება.
ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო.
საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციისათვის აუცილებელი სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ, სააგენტოს მიერ განხორციელდა ავიაკომპანია „AK-AIR GEORGIA"-ს ფინანსური მდგომარეობის შეფასება, რაც წარმოადგენს მგზავრთა უფლებებისა და ფრენების უსაფრთხოების დაცვის სამართლებრივი რეგულირების ახალ, დამატებით მექანიზმს.
გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა, რომელიც ავიაკომპანიას 31 იანვარს მიენიჭა, ადასტურებს „AK-AIR GEORGIA"-ს ფინანსურ საიმედოობას, არსებული და მის მიერ პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ავიაგადამზიდველი აგრეთვე აკმაყოფილებს „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესით" გათვალისწინებულ მოთხოვნებს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირების მიმართ.