ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მოწმეები ჩვენებებს ცვლიან.
მისი განმარტებით, დღეს დაკითხულმა მოწმემაც იგივე ჩვენება მისცა, რაც გამოძიების ეტაპზე.
"კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩვენების შეცვლას ადგილი არ აქვს, კონკრეტული დეტალების დაზუსტება ხდება. ჩემთვის გაუგებარია თუ რას ეფუძნება დაცვის მხარის განცხადება, ჩვენების შეცვლასთან დაკავშირებით. დღევანდელმა მოწმემ იმ პირთა მოქმედების შესახებ ისაუბრა, რომლებიც კონკრეტულად შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. რაც შეეხება ხსენებული მოწმის გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას, სავსებით ადეკვატურია იმ ინფორმაციისა რაც სასამართლოზე განაცხადა", - აცხადებს ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.