2018 წლის 15 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოძალადის სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება ძალადობის მსხვერპლი მაკა ჭ.-ს და მისი სამი შვილის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოძალადემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერის გაუქმება მოითხოვა. მათივე ცნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოძალადის არგუმენტები გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უკანონობასთან დაკავშირებით და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
"GDI-ს იურიდიული კონსულტაციითა და ხელშეწყობით ოჯახში 23 წლიანი სისტემატური ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლმა, მაკა ჭ-მ, მისი და მისი შვილების უფლებების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით მიმართა. 2018 წლის 21 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა ძალადობის მსხვერპლის განცხადება და ოჯახში მოძალადე ქმრის (მამის) მიმართ მაქსიმალური, 6 თვის, ვადით დამცავი ორდერი გამოსცა.
მოძალადემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და მის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერის გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოძალადის არგუმენტები გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასა და უკანონობასთან დაკავშირებით და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
აღსანიშნავია, რომ დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ მაკა ჭ.-სა და მისი შვილების ინტერესებს იცავს პროექტის „სამართალწარმოება თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება East-West Management Institute, PROLoG, USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესებას", - ნათქვამია განცხადებაში.