22 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „Courtyard Marriott“-ში, საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით, საქართველო-ბელარუსის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ულახოვიჩი გახსნიან.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ მინსკის ბიზნეს-სექტორისა და საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა სექტორულ ქართულ კომპანიებთან და ბელარუსული პროდუქციის გამოფენა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 100-მდე ბელარუსული კომპანია. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში პარტნიორების მოძიებით და წარმოადგენენ შემდეგ სექტორებს: კვების მრეწველობა, მანქანა-დანადგარების წარმოება, მშენებლობა, ლოგისტიკა და ტურისტული სააგენტოები.
გარდა გახსნის ღონისძიებისა და ორმხრივი შეხვედრებისა, ფორუმის ფარგლებში ქართულ და ბელარუსულ კომპანიებს შორის 29 ხელშეკრულება გაფორმდება, რომელთა საერთო ღირებულებაც 9 მილიონ აშშ. დოლარამდეა.