ქალაქის მერის მიერ შპს „სი-ტი პარკ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გამძაფრდა აგრესია კომპანიის ინსპექტორების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ ინსპექტირებისას, - ამის შესახებ განცხადებას კომპანია „სითი პარკი“ ავრცელებს.
კომპანია იმედოვნებს, რომ თბილისის მერია გაატარებს ყველა ზომას მოქალაქეთა, მათ შორის შპს „სი-ტი პარკ“-ის ინსპექტორების უსაფრთხოების დასაცავად
"შპს „სი-ტი პარკ“-ი იყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა დაცულ იქნეს კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას და შესაბამის თანამდებობის პირებს გააკეთონ მკაფიო განმარტება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შპს „სი-ტი პარკ“-ის ინსპექტორებს განაგრძნონ საქმიანობა ისეთ გარემოში, რომელიც არ იქნება მათი უსაფრთხოების, პატივის და ღირსების შემლახველი. აქვე, იმედს გამოვთქვამთ, რომ მივიღებთ შესაბამის მხარდაჭერას სამართალდამცავი ორგანოებისგან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია არ დაუშვებს შპს „სი-ტი პარკ"-ში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების ხელყოფას მიმდინარე სამართლებრივ არგუმენტაციას მოკლებული გადაწყვეტილების გამო. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერიისგან გატარებულ იქნება ყველა ზომა მოქალაქეთა, მათ შორის შპს „სი-ტი პარკ“-ის ინსპექტორების უსაფრთხოების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.