დღეს ბათუმის მერიაში ახალი ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით სატენდერო პაკეტი გაიხსნა. წინადადება „ისუზუ ატამანის“ მოდელის ავტობუსების შემოყვანაზე უკრაინულ-იაპონურმა კომპანია „ჩერკასკი ავტობუსმა“ წარმოადგინა. კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვა 2 თვის განმავლობაში მოხდება.
პირველ ეტაპზე ტენდერი დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსებზე, ხოლო შემდეგი ტენდერი უკვე ელექტრო ავტობუსების შემოყვანაზე გამოცხადდება. ტენდერის ტექნიკური პირობების მიხედვით, ავტობუსი 60 ადამიანზე (ჯდომით და დგომით) იქნება გათვლილი და არსებულ ავტობუსებთან შედარებით ახალი სატრანსპორტო საშუალება ხარჯის 50%-ით ეკონომიას გააკეთებს.
ბათუმის ავტობუსების პროექტის დასაფინანსებლად ბათუმის მერიამ დაბალ პროცენტიანი სესხი და 1,5 მილიონი ევრო მიიღო გრანტის სახით.
ბათუმის ავტობუსების განახლება ბათუმში ურბანული ტრანსპორტის მობილობას გაზრდის და შედეგად ბათუმს საავტობუსო პარკს 10 ელექტრო და 30-მდე დიზელზე მომუშავე ავტობუსი შეემატება, რისთვისაც 7 მლნ ევრო დაიხარჯება.
პროექტის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის სასესხო ხელშეკრულება 2017 წლის 13 ივლისს გაფორმდა.