ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ზედამხედველობა, რომელიც 1-ელი აპრილიდან შსს ნაცვლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უნდა განეხორციელებინა, 1 წლით გადავადდება.
მიზეზი კი თვითმმართველი ორგანოების მოუმზადებლობაა. ამ ფონზე პარლამენტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანა უწევს.
როგორც ცნობილია, გასული წლის 30 ივნისს პარლამენტმა დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისა და ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებისათვის, შესაბამის კანონებში ცვლილება შეიტანა. რომლის მიხედვითაც ხმაურზე საზედამხედველო ორგანოდ 2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან 2018 წლის 1-ელ აპრილამდე შსს-ს ორგანოები განისაზღვრა, ხოლო 2018 წლის 1-ელი აპრილიდან ეს უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უნდა გადასცემოდათ.
თუმცა კანონით განსაზღვრულ ვადაში - 1-ელ აპრილამდე თვითმმართველმა ორგანოებმა ვერ მოასწრეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ფინანსურ-მატერიალური ღონისძიებების განხორციელება, რათა შსს-გან ზედამხედველობის ფუნქციის შესრულება გადმოებარებინათ.
სწორედ ამ ფონზე წარმოიშვა შსს ორგანოებისათვის დაკისრებული ამ ფუნქციის ვადის ერთი წლით გაგრძელების აუცილებლობა.