15-16 მარტს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, ნინო გვენეტაძესთან, იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან და სასამართლოს წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირ-საქართველოს პროგრამის (EU4Justice) სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით, პარიზსა და ბორდოში სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს.
დელეგაციის წევრები, რომლებიც საქართველოში 2017-2021 წლებისათვის სასამართლო რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სპეციალური თანამშრომლობის ფორმატის მონაწილეები არიან, გაეცნობიან ფრანგი კოლეგების გამოცდილებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა:
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა ჩარიცხვის გაუმჯობესებული სისტემა, მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის დახვეწა;
საუკეთესო პოტენციური კანდიდატების მოზიდვის საუკეთესო პრაქტიკა;
მსმენელთათვის ძირითადი განათლების სისტემის გაუმჯობესება;
მოსამართლეთათვის და სასამართლოს მოხელეთა განგრძობადი განათლების სისტემის გაუმჯობესება.
შეხვედრები საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროსა და მართლმსაჯულების ეროვნულ სკოლაში გაიმართება.