ე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატები დღეს, 14:00 საათზე უზენაეს სასამართლოში საჩივარს შეიტანენ. როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია „ჯი-ეიჩ-ენთან“ აცხადებს, ისინი პარალელურ რეჟიმში საქმეს სტრასბურგში გასაგზავნად ამზადებენ.
„პირველ რიგში, უზენაესმა სასამართლომ ეს საქმე წარმოებაში უნდა მიიღოს. ამის შემდეგ მოლოდინი გვაქვს, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის გარეშე არ მიიღებს. იმედია, როცა გადაწყვეტილებაზე მიდგება საქმე, კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს განსხვავებით, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებისგან, რომლებმაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად, სტრასბურგის სასამართლსთვის ვემზადებით, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ უზენაესი სასამართლოც იმ გავლენების ქვეშ მოექცეს, რომელშიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლო მოექცა“, - აცხადებს ფანცულაია.
ცნობისთვის, რომ 12 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის 9 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. მთავარმა პროკურატურამ დაკავების თავდაპირველ მიზეზად „მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა“ დაასახელა.
აღნიშნულმა არამხოლოდ საზოგადოება, არამედ, პრემიერ-მინისტრიც შეიყვანა შეცდომაში, რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებამ თავიდან უდიდესი უბედურება აიცილა და რომ ეს იყო, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ დეკანოზის ბრალი სულ სხვა იყო. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, მამალაძე პატრიაქრის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარების მოტივით მკვლელობას გეგმავდა და სწორედ ამ მიზნით ცდილობდა ის მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის შეძენას.
აღნიშნული ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლომ დამაჯერებლად არ მიიჩნია და 2017 წლის 5 სექტემბერს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქმის განხილვამ საქალაქოდან სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლა. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ბრალდების მხარე კი ბრალის დამძიმებას და განაჩენში მკვლელობის ანგარებით მომზადების ჩამატებას ითხოვდა.