ევროკავშირი საქართველოს ინდუსტრიული და სამომხმარებლო არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის განვითარებაში ეხმარება. დღეს, 13 მარტს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ევროკავშირის დაძმობილების პროექტის
"ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის”, პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის მიზანია, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების და აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ტექნიკური ბარიერების კუთხით ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში. აღნიშნული შეესაბამება ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის მიზნებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ჩართულობის ეტაპობრივად გაზრდას.
პროექტი მხარს დაუჭერს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განავითაროს ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა საქართველოში. კონკრეტულად, ის ხელს შეუწყობს სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას, სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას პროდუქტის უსაფრთხოების და ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით დაწესებულებებს, მომხმარებლებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის საელჩოებიდან და ევროკავშირის წევრი, პროექტის პარტნიორი ქვეყნების - გაერთიანებული სამეფოსა და ლიტვის პროექტის ლიდერები, პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენელი.