8 მარტს, 10:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმროში „ეიფორია“, მეწარმე ქალთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი გაიხსნება. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით იმართება.
ფორუმს 300 მონაწილე ჰყავს. მათ შორის 180 მეწარმე ქალი საქართველოს ყველა რეგიონიდან და სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ქალთა მეწარმეობის განვითარებას უწყობენ ხელს. ღონისძიებაზე მეწარმე ქალბატონებს საშუალება ექნებათ დაამყარონ ახალი საქმიანი ურთიერთობები და მიიღონ ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ. ფორუმის მონაწილეები განიხილავენ წარმატებულ მაგალითებსა და გამოწვევებს.
ბიზნეს-ფორუმის ერთობლივი ორგანიზების თაობაზე, 2018 წლის 8 თებერვალს, 8 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. ფორუმის ფასილიტატორია: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული და მერსი ქორფსის მიერ იმპლემენტირებული „კავკასიის ალიანსების პროგრამა“ (ALCP), ღონისძიების თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (MOFEA), ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“, აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაცია (ABWA), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის საქართველოს წარმომადგენლობა (CCRG) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
ბიზნეს-ფორუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გახსნის. ასევე, მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან: თანაზ შავაძე - აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; ზურაბ პატარაძე - აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე; ირაკლი ლექვინაძე - საქართველოს ბიზნესომბუდსმენი. ფორუმის ფარგლებში გაიმართება იმ სახელმწიფო სერვისების პრეზენტაციებიც, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ემსახურება. ასევე, კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების საინფორმაციო კუთხეებში წარმოდგენილი იქნება ფინანსურ შესაძლებლობები და სერვისები ქალი მეწარმეებისთვის.
მსგავსი ბიზნესფორუმების მიზანია საქართველოში სამეწარმეო შესაძლებლობებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის გაზრდა; ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბიზნესის კეთების საუკეთესო პრაქტიკული მაგალითების ჩვენება; მცირე და საშუალო ბიზნესის პოპულარიზაცია და მათ შორის ბიზნესკავშირების დამყარების ხელშეწყობა; ინფორმაციის გავრცელება ბიზნესის დამხმარე კერძო და საჯარო სერვისებისა და ბიზნესპროდუქტების და საქართველოში არსებული ეკონომიკური განვითარების პროგრამების შესახებ, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესაქტივობის წახალისებაზე როგორც ქალაქში, ისე სოფლად.