ხვალ, 8 მარტს, 12:00 საათზე, 100-ზე მეტი ორგანიზაცია პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
არსებული ინფორმაციით, განცხადება შეეხება 37,455 ამომრჩევლის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შესახებ.
2017 წლის 12 ივნისს, 37,455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი. შემოთავაზებული მოდელი გენდერული კვოტირების დროებითი სპეციალური ღონისძიების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში 2020 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა რაოდენობა იქნება მინიმუმ 26%.