სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე "საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონს არღვევს, ვინაიდან მისი მეუღლე ყოველ წელს სოლიდურ ფულად საჩუქარს იღებს, რომლის ღირებულებაც კანონით განსაზღვრულ ლიმიტს აღემატება, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2013-2016 წლებში მინისტრის მოადგილის მეუღლე ლენა მამაცაშვილს 80.500 ₾ აქვს მიღებული საჩუქრად შპს „ახალი სერვისისგან," რომელიც ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებული კომპანიაა. მათივე ცნობით, იური ნოზაძემ 2016 წელს „ქართულ ოცნებას" 20 000 ლარი შესწირა, რის შესახებაც ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია.
"2013-2016 წლებში - მის მეუღლეს ლენა მამაცაშვილს 80.500 ₾ აქვს მიღებული საჩუქრად შპს „ახალი სერვისისგან," რომელიც ბიძინა ივანიშვილთან და „ქართუ ჯგუფთან" დაკავშირებული კომპანიაა. კერძოდ, შპს „ახალი სერვისი" იმავე მისამართზეა რეგისტრირებული, სადაც ბანკი „ქართუ" მდებარეობს (ქ. თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონში, ი. ჭავჭავაძის გამზ.,N39ა) და საკონტაქტო ელ. ფოსტადაც office@cartugroup.com არის მითითებული. კომპანიის მესაკუთრე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია შპს „რინგოლდ ფინანს ლიმიტედია." ამავე მისამართზეა რეგისტრირებული შპს „ფინსერვისი XXI"-ც, რომლის დირექტორი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეობამდე, თავად იური ნოზაძე იყო. „ფინსერვისი XXI" ფიგურირებს თბილისის მერიის მიერ ბოტანიკურ ბაღში და მის მიმდებარედ მიწის განკარგვის კორუფციის ნიშნების შემცველ პროცესში. საყურადღებოა ისიც, რომ იური ნოზაძემ 2016 წელს„ ქართულ ოცნებას" 20 000 ლარი შესწირა, რის შესახებაც ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითებია.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, შპს "ახალი სერვისი" ახლობლების, მსახიობების, მომღერლებისთვის თანხის სახით დახმარების გადაცემის მიზნით შეიქმნა და მისი მეუღლე მას 7-8 წელია იღებს", - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.