თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას, სხვადასხვა დარღვევის შესახებ, ზედამხედველობის სამსახურის მოკლე ანგარიში გააცნო და კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა, რათა მომავალში ზედამხედველობის პროცესი უფრო შედეგიანი გახდეს.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ ეტაპზე სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმებულია 272 სამშენებლო ობიექტი.
„ამ ეტაპზე სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმებულია 272 სამშენებლო ობიექტი. შეჩერების დადგენილება ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის 59 ფაქტზე. მე მგონია, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და პლაკატები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იქნება გაკრული, უნდა ჩამოხსნან, რადგან ეს ყველფერი ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება, თუმცა მგონია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს მიდგომები და აუცილებლად უნდა გაიზარდოს ჯარიმები“, - განაცხადა კახა კალაძემ.