სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია წარმატებით გრძელდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შპს ,,ტყიბულის მთის ჩაი“ სოფელ ძიროვანში 19,4 ჰა ჩაის პლანტაციას სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებს.
ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის გადაცემულია 449,4 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. პირობების მიხედვით ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.