საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყონ არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება და მისი ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
"რუსეთმა და საქართველოს სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს არჩილ ტატუნაშვილის დაპატიმრების და მისი გარდაცვალების საფუძვლიანი, სწრაფი და მიუკორძოებელი გამოძიება. ასევე, მისი ცხედარი, რაც შეიძლება მალე უნდა დაუბრუნდეს ოჯახს", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ ტატუნაშვილის საქმეზე ოპოზიცია და მმართველი გუნდი საერთო დოკუმენტზე შეჯერდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი ახალგორის ადმინისტრაციის უფროსს, ფილიპ ხაჩიროვს აქვს, თუმცა მან ეს ინფორმაცია უარყო.