„მოწმის დღევანდელი ჩვენება, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდეს და გვაქვს მხოლოდ ერთი მოლოდინი, რომ ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი“, - განუცხადა ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე 51-ე სკოლის მოსწავლე დაიკითხა, რომელიც მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილე იყო.
„მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომელიც განვითარდა ხორავას ქუჩაზე, ე.წ. არკაში. კერძოდ, მოწმემ ისაუბრა თუ რა ვითარებაში დაიწყო კონფლიქტი, ვისსა და ვის შორის მოხდა კონფლიქტი და რა შემდგომი განვითარება ჰპოვა მოვლენებმა. აღნიშნული მოწმის მიერ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად ბრალდების მხარეს რათა გაამყაროს საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებები“, - აცხადებს ფხაკაძე.
შეგახსენებთ რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს,რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.