სასამართლო დარბაზში, ბრალდებულმა გივი ამილახვარმა სამართალდამცველს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, - ამის ამსახველ კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა გივი ამილახვარმა სასამართლო სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავში ჩაარტყა და რამდენჯერმე შეაგინა.
ამ ქმედების გამო გივი ამილახვარს რამდენიმე დღეში ბრალი პოლიციელებზე განხორცილებული თავდასხმის მუხლით წარუდგინეს, თუმცა თავად წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.
ბრალდებული სასამართლო დარბაზში მომხდარის პროვოცირებაში პოლიციელებს ადანაშაულებს. დაკავებულმა სასმართლოზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არაადამიანურ მოპყრობასა და ფიზიკური შეურაცხოფის მიყენებაში დაადანაშაულა.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, ამილახვარის სხეულზე დაკავებისას ძალადობის ნიშნების არსებობას ადასტურებს გლდანის დაწესებულების ექიმიც და სამხარაულის საექსპერტო ბიუროც.
ამილახვარის ინტერესების დამცველი ფრიდონ სუხიაშვილიაცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება ამ ფაქტით არ დაინტერესებულა.
როგორც "კურიერთან" საუბრისას დაცვის მხარემ განაცხადა, მათ პრეტენზია გივი ამილახვარის მიმართ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებითაც აქვს. ადვოკატი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და ამბობს, რომ სხდომათა დარბაზში დაკავებულს პოლიციელის მიმართ თავდასხმა არ განუხორციელებია.
საქართველოს პროკურატურა პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს და არკვევს, სცემეს თუ არა დაკავების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გივი ამილახვარს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, ბრალდებებს უარყოფს.
ცნობისთვის, სამართალდამცველებზე განხორციელებული თავდასხმის გამო გივი ამილახვარი 6 თვეა საპატიმროში იმყოფება.