სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სამუშაო ვიზიტით ეწვია მსოფლიო ბანკის დელეგაცია, „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის“ (SRAMP) პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ნატალია სტანკევიჩის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების სექტორის ხელმძღვანელის სარა მაიკლის შემადგენლობით, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2018 წლის თებერვლიდან, ატარებს პირველ დამოუკიდებელ ეფექტიანობის აუდიტს და შედეგების დამოწმებას მსოფლიო ბანკის პროექტში - „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა“ (SRAMP), რომელსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტის ეფექტიანობის აუდიტის ჩატარების თხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მსოფლიო ბანკმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის იანვარში მიმართეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტი 2016 წლის 6 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა, გენერალური აუდიტორის მოადგილეებმა ეკა ღაზაძემ და დავით გოგიჩაიშვილმა, მსოფლიო ბანკის დელეგაციის წევრებთან ერთად „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის“ პროექტის დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის მიმდინარეობის საკითხი განიხილეს.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საერთაშორისო დონორის მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის ჩატარებისთვის მომართვა პირველად მოხდა და ეს ფაქტი მიუთითებს ჩვენი სამსახურის მაღალპროფესიულ ავტორიტეტსა და მის მიმართ გამოხატულ ნდობაზე“, - აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა. გენერალური აუდიტორი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მიმართულებით განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ავტორიტეტულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.
„მსოფლიო ბანკმა შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა (რომელიც სცდებოდა ფინანსურ სფეროს) და დაასკვნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქმიანობის მაღალ დონეზე განხორციელების შესაძლებლობები გააჩნია. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გააფართოვა და გააძლიერა თავისი უნარები ტრენინგისა და განვითარებისა და ასევე ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელოს დანერგვის გზით, რაშიც მას შვედეთის ეროვნული აუდიტის სამსახური (SNAO) და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) დაეხმარნენ. პროექტის ეფექტიანობის აუდიტი წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურისათვის, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები საქართველოში განვითარების სფეროში მომუშავე ყველა პარტნიორთან“, - განაცხადა პროექტის (SRAMP) სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ნატალია სტანკევიჩმა.
მსოფლიო ბანკის პროექტის - „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვა” (SRAMP) დაფინანსებაზე ხელშეკრულება საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმდა.
პროექტში შემუშავებულია დაფინანსების ინოვაციური ინსტრუმენტის გამოყენება, სადაც გადახდები პროექტით განსაზღვრულ შედეგების მიღწევასა და ამ შედეგების დამოუკიდებელი აუდიტის მიერ გადამოწმება/დადასტურებაზეა დამოკიდებული.
SRAMP-ის მიზანია, გააუმჯობესოს გზის მომხმარებლისათვის სოციალური მომსახურებისა და ბაზრების ხელმისაწვდომობა, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-თიანეთის, შიდა-ქართლისა და გურიის მეორადი გზების რეაბილიტაციისა და მოვლის ხელშეწყობის მეშვეობით, და ასევე გააძლიეროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ქვეყნის მეორადი გზების ქსელის მართვის შესაძლებლობები.
მსოფლიო ბანკის კაპიტალდაბანდებებმა საქართველოში 1992 წლის შემდეგ დაახლოებით 2.8 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.