საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე მონრეალს ეწვია, სადაც შეხვედრები გამართა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტთან ოლუმუივა ბენარდ ალიუსთან, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ფანგ ლიუსთან, ICAO-ს ტექნიკური თანამშრომლობის ბიუროს დირექტორთან ივან გალანთან და სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ბიუროს დირექტორთან სტივ კრემერთან. ელჩის ინიციატივით, შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან კარანაძემ. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ილია იმნაძე.
ელჩმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, მათ შორის, საავიაციო სფეროში, რაც მოიცავს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას, ახლის მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას, ასევე, აეროპორტების, საფრენი აპარატების, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის უსაფრთხოების მდგრადი სისტემის შექმნას. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ყალიბდება ეკონომიკურ, ფინანსურ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ჰაბად, მათ შორის, საჰაერო გადაზიდვებისა და მომსახურების სფეროში. გასულ წელს საქართველოს 7.5 მილიონი ვიზიტორი ეწვია, 4 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა საქართველოს აეროპორტებით, რაც 43%-ანი ზრდაა 2016 წელთან შედარებით, შესრულებული რეისების რაოდენობამ 37%-ით იმატა და 20 000-ს მიაღწია, მნიშვნელოვნად გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის რაოდენობაც. მომავალ წლებში ვიზიტორებისა და ტურისტების და შესაბამისად, მგზავრთა რაოდენობა კვლავაც გაიზრდება. სულ უფრო მეტი უცხოური ავიაკომპანია შედის საქართველოს საავიაციო ბაზარზე, მათ იზიდავთ ლიბერალური, გამარტივებული რეგულაციები და არაკორუმპირებული გარემო. ამ პირობებში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების ეფექტიანი სისტემის შექმნა. საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწია ამ მიმართულებით და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწიეს. ბევრი პარამეტრით საქართველო ლიდერია არა მარტო რეგიონში, არამედ, მსოფლიოში. საქართველოს მთავრობა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მზად არიან, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლონ ICAO-სთან რათა უზრუნველყონ ფრენების უსაფრთხოების სისტემის გრძელვადიანი მდგრადობა და მიღწეული სტანდარტებისა და საჰაერო მომსახურების ხარისხის შემდგომი ზრდა. ამ მიზნით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მჭიდრო კავშირები აქვს ICAO-ს რეგიონულ ჯგუფებთან, კერძოდ, საავიაციო უსაფრთხოების რეგიონულ ჯგუფთან (RASG). მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ექსპერტი წარდგენილია გლობალური საავიაციო უსაფრთხოების გეგმის გადახედვის სამუშაო ჯგუფში.
ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტმა თბილად გაიხსენა თავისი ვიზიტი თბილისში 2017 წლის მაისში და ღრმა კმაყოფილება გამოხატა იმ პროგრესთან დაკავშირებით, რასაც საქართველომ მიაღწია საავიაციო უსაფრთხოების სისტემის სრულყოფის თვალსაზრისით. მან საქართველოს სამაგალითო ქვეყანა უწოდა. ოლუმუივა ბენარდ ალიუმ დაადასტურა ICAO-ს მზადყოფნა აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას როგორც ორგანიზაციის შტაბ-ბინასთან, ასევე, ევროპულრეგიონულ ბიუროსთან. იგი მიესალმა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური გაძლიერებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ICAO-ს საბჭოს წევრი არ არის, პრეზიდენტმა ელჩი პირადად მიიწვია საბჭოს სხდომებზე.
ICAO-ს გენერალურ მდივანთან ფანგ ლიუსთან შეხვედრისას საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის მარტის თვეში უმასპინძლოს ICAO-ს გეგმიურ შემფასებელ მისიას, რომელმაც საავიაციო სფეროს უსაფრთხოებისა და უშიშროების სფეროში არსებული მდგომარეობა უნდა შეისწავლოს. მან იმედი გამოთქვა, რომ მისია კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ფანგ ლიუს განცხადებით, საქართველომ უმოკლეს პერიოდში მიაღწია ნამდვილად შესაშურ წარმატებებს და სრულფასოვნად შეასრულა წინა წლებში ჩატარებული აუდიტების შემდეგ გაცემული რეკომენდაციები. მისი თქმით, ICAO მზად არის კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სფეროს მდგრადობის მიღწევისა და შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით. მან საქართველოს რეგიონში ლიდერი ქვეყანა უწოდა და გამოთქვა სურვილი, თავის მხრივ, საქართველოც დაეხმაროს მის მეზობელ ქვეყნებს ICAO-ს სტანდარტების მიღწევაში.
ფანგ ლიუ მიესალმა ICAO-ში საქართველოს წარმომადგენლობის ახლო, საქმიან კავშირებს ICAO-ს შტაბ-ბინის როგორც ფუნქციონალურ, ასევე, ტექნიკურ სამსახურებსა და ბიუროებთან. შეხვედრას ესწრებოდა ICAO-ს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების ბიუროს დირექტორი სტივ კრემერი, რომელმაც ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პროგრესს. შეხვედრის დასასრულს, გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში მიწვევისთვის და განაცხადა, რომ შეეცდება მიმდინარე წელს დაგეგმოს ამგვარი ვიზიტი.