რუსული გაზეთის - „ არგუმენტი ი ფაქტი“, მიმომხილველი გიორგი ზოტოვი სტატიაში, სათაურით - „საცივი „ქინძმარაულისა“ და „სულიკოს“ თანხლებით: თქვენ საქართველოში ხართ“, - საქართველოსთვის დამახასიათებელი ნიშნებზე საუბრობს.
„თქვენ თუ იქ ჩახვალთ, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათ“ - აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი.
„ერთი კვირის მოგზაურობის შემდეგ თქვენ ცდილობთ საკუთარი თავი დაარწმუნოთ, რომ მეტი ქართული ღვინის დალევა აღარ შეიძლება. ეს ძალიან რთული ამოცანაა, ზოგჯერ კატასტროფულიც კი. მაგალითად, ღვინის დალევაზე უარს ამბობთ და თავი მტკიცედ გიჭირავთ. არ სვამთ ერთი საათი, ორი საათი (რაც წარმოუდგენელია!). მაგრამ ამ დროს სუფრაზე თქვენდამი პატივისცემის ნიშნად ვიღაც სადღეგრძელოს ამბობს - „დიდ რუს ხალხს გაუმარჯოსო“. აბა, ასეთი სადღეგრძელოს წარმოთქმისას ღვინოს როგორ არ დალევ? შემდეგ თანამდევი სადღეგრძელო, ძალიან სახიფათო - „დიდ ქართველ ხალხს გაუმარჯოს!“. იცოდეთ, თუ რუსი ხალხის სადღეგრძელო დალიეთ და ქართველებისას არ სვამთ, საქმე ცუდად წაგივათ... ბოლო სადღეგრძელო (საკონტროლო გასროლა!): „დიდი ქართველი და დიდი რუსი ხალხის მეგობრობას გაუმარჯოს!“. ამის შემდეგ უკვე შენ თვითონ გსურს ახალი სადღეგრძელოს თქმა, თუმცა ვის საპატივსაცემოდ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დილით უკვე არაფერი გემახსოვრება. შეიძლება სმარტფონით გადაღებული საკუთარი ფიზიონომია ვერც იცნო.
(...)
ყოველი ქართული საუბარში საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებს. არ აქვს მნიშვნელობა, წარსულია თუ ამჟამინდელი. იწყებენ პირველი პრეზიდენტით - ზვიად გამსახურდიათი, შემდეგ გადადიან მეორეზე - ედუარდ შევარდნაძეზე, მესამეზე - მიხეილ სააკაშვილზე და ბოლოს, მეოთხეზე - გიორგი მარგველაშვილზე. ამ უკანასკნელს დიდი საშინელება არაფერი ჩაუდენია, მაგრამ, როგორც იტყვიან, „ზა კამპანიუ“. არადა, თავის დროზე იგივე გამსახურდიამ პრეზიდენტად არჩევის დროს ხმების 87% მიიღო, შევარდნაძემ - 73%, სააკაშვილმა კი 96%-ზე მეტი, ანუ როგორც თურქმენბაშმა ან ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა. თუ შეკითხვას დასვამთ - „აბა, რატომღა აირჩიეთ ასე ერთხმად, თუ ყველას აკრიტიკებთო“, რეაქცია იქნება „ეეე“-ს თქმა და ხელის ჩაქნევა, ან „დავაი, ლუჩშე ვიპიომ“.
(...)
საქართველოში ყოფნისას თქვენ დაინტერესდებით ადგილობრივი ვალუტით - ლარით. ლარი ძველი ტერმინია, ერთდროულად „განძსაც“ ნიშნავს და „ქონებასაც“. „თეთრი“ მონეტა გახლავთ, რომელიც ჯერ კიდევ კოლხეთის სამეფოში ბრუნავდა. სხვათა შორის, საქართველომ თავისი მონეტა რუსეთის იმპერიაში ყოფნის დროსაც შეინარჩუნა - 1835 წლამდე ტიფლისში ვერცხლის აბაზიანი იჭრებოდა. მაშინდელი ხუთი აბაზი ერთ რუბლს უდრიდა. თანამედროვე ქართული მონეტები და ბანკნოტები ძალიან ჰგავს ევროს.
(...)
ვინმეს თუ დაუმეგობრდები, თქვენ ქართულ სტუმართმოყვარეობას საკუთარ თავზე გამოსცდოთ. ცოცხლად დარჩენილები სისხლის გამყინავ ლეგენდებს ჰყვებიან. თქვენ დროს დღედაღამ ქეიფში გაატარებთ, რესტორნებში კაპიკს არ დაგახარჯვინებენ. რეგიონებშიც კი, სადაც ხალხი შედარებით ღარიბად ცხოვრობს, მასპინძლები ვალს აიღებენ და სტუმარს გულუხვად დაგხვდებიან - მეფურ სუფრას გაგიშლიან. ერთი მხრივ - გერიდება, მეორე მხრივ კი - უნდა დაჯდე მიირთვა, რასაც გთავაზობენ. სხვაგვარად მასპინძელს საშინლად ეწყინება - ეგონება, რომ სტუმარს შესაფერისი პატივი არ გცა, ადგება და ახალ სუფრას გაშლის. აი, ამ შემთხვევაში კი ვერანაირად ვერ გადარჩები...
(...)
ავტორის შთაბეჭდილებები ეხება აგრეთვე მოსახლეობის ცხოვრების დონეს (მცირე ოდენობის პენსიებს), კომუნალური მომსახურების მომატებულ ტარიფებს, ქართულ კერძებს, ქართულ ღვინოებს, ქართულ ხალხურ სიმღერებს, თბილისი აბანოებს და ა.შ.
„მოგზაურობის ბოლოს თქვენ არ გინდათ იმის აღიარება, რომ საქართველოდან უკან დაბრუნება საშინლად არ გსურთ“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.


