„საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შემუშავდა შავიზღვისპირა ჭაობიანი ადგილის ამოშრობისა და ამ ტერიტორიის ქალაქად გადაქცევის ამბიციური გეგმა, ჩინური კლასტერის მსგავსად - ცათამბჯენებით, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებდა. მაგრამ შემდეგ ლაზიკის - „მომავლის ქალაქის“ მშენებლობა მიატოვეს. დღეს ზღვის ნაპირზე, სადაც ლაზიკა უნდა გაშენებულიყო, ცხოვრება ისევ დუღს: ტერიტორია მოფენილია ბეტონის კონსტრუქციებით, რომლებიც ზვირთმჭრელების როლს შეასრულებს გემების ტალღებისაგან დაცვის მიზნით. ეს ღრმაწყლიანი ნავსადგურის - ანკლიის ფუნდამენტი იქნება, რომელიც, თბილისის გათვლით, ჩინური მეგაპროექტის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ საკვანძო ადგილი იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის გამოცემა EurasiaNet აქვეყნებს სტატიას, რომლის ავტორია გლაზგოს უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების ცენტრის მკვლევარი, შოტლანდიელი ჟურნალისტი ბრელი ჟარდინი.
„პროექტის ავტორების შეფასებით, ანაკლიის პორტი 2025 წლისათვის 110 მილიონ ტონა ტვირთს გადაამუშავებს და ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ) ნახევარ პროცენტს დაუმატებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ანაკლიის ნავსადგური საქართველოში ყველაზე დიდი იქნება, ანუ ფოთს და ბათუმს უკან მოიტოვებს, ანაკლიის პორტში შესვლის შესაძლებლობა მსხვილ გემებსაც ექნებათ,
ანაკლიის შერჩევა ახალი ნავსადგურის ასაშენელად საქართველოს სხვა გეგმებსაც პასუხობს: დასახლება [სეპარატისტული] აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სულ რაღაც ორი კმ-ის მოშორებით მდებარეობს და ქართული სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რეგიონის განვითარება-განმტკიცების მიზნით.
პორტის მშენებლობის წინ გამოცხადებული ტენდერის დროს (ორი მილიარდი დოლარის ღირებულებით) ჩინელმა ინვესტორებმა წარმატება ვერ მოიპოვეს, თუმცა იმედი იყო, რომ სწორედ ისინი გაიმარჯვებდნენ. საბოლოო ჯამში, წარმატება ხვდა ქართულ-ამერიკულ კომპანიას Anaklia Development Consortium (ADC), რომელმაც საქართველოს მთავრობას ჩინელებთან შედარებით უფრო მომგებიანი პირობები შესთავაზა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით. ამის მიუხედავად, თბილისს მაინც მიაჩნია, რომ ანაკლია ჩინური მეგაპროექტის „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვანძო ცენტრი გახდება, მით უმეტეს, რომ გასული წლის დეკემბერში ADC-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩინურ კომპანია ZPMC-სთან 50 მილიონი დოლარის სამუშაოების შესრულების შესახებ. (...)
დასავლეთის თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასია მიმზიდველი ალტერნატივაა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სხვა მარშრუტებთან შედარებით. რუსული მარშრუტის ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდია, არასტაბილური ხასიათი აქვს რუსული საკანონმდებლო გარემოსაც. გარდა ამისა, რუსეთს სავაჭრო ომი აქვს ევროკავშირთან. რაც შეეხება ირანულ მარშრუტს, დასავლეთის თვალში ირანი გარიყულ სახელმწიფოს მიიჩნევა, თეირანს რთული ურთიერთობა აქვს თავის მეზობლებთან... ასე რომ, გეოპოლიტიკურად საქართველო უფრო მიმზიდველია, ვიდრე ირანი. მით უმეტეს, რომ თბილისს კარგი პოზიციები აქვს როგორც კორუფციის დონის რეიტინგებში, ასევე ბიზნესის იოლად წარმოებაში.
მაგრამ რამდენად არსებობს იმის გარანტია, რომ ანაკლია მართლაც გახდება ჩინური მეგაპროექტის ერთ-ერთი სატრანსპორტო ცენტრი? ჩინეთის პოზიციის მიხედვით, ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობის ფაქტი სულაც არ ნიშნავს მისი წარმატების გარანტიას. არსებობს მაგალითები იმისა, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსი პროექტები უკვე შეჩერებულია ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. საქართველოს სასარგებლოდ პოზიტიურ როლს არ ასრულებს რეგიონის სუსტად განვითარებული ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც პორტი დაშორებულია თავისუფალ სამრეწველო ზონებს.
თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება უახლოეს წლებში გამოსწორდეს: საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტი (გამოყოფილია თანხა დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარის ოდენობით), რომლის რეალიზების შემდეგ ანაკლია უკეთ დაუკავშირდება ქვეყანაში მოქმედ ეკონომიკურ ზონებს. სხვათა შორის, იმავე ჩინელი ინვესტორების მხრიდან საქართველოში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს დიდი ყურადღება ეთმობა“, - ნათქვამია სტატიაში.