სოფელ ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ცხედრის გადაცემამდე არ დაიშლებიან.
ადგილზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მივიდა.
მისი განცხადებით, ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლება მოლოდინის რეჟიმშია.
"მოლოდინის რეჟიმში ვართ. რთულია როცა მოწინააღმდეგე არ ითვალისწინებს, არც სამართლებრივ და არც ადამიანურ კანონს... ძნელია ემოციების გარეშე. საერთაშორისო თანამეგობრობა არის აქტიურ რეჟიმში ჩართული და ვცდილობთ, პირველ ეტაპზე შესაძლებელი გახდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ოჯახმა შეძლოს საკუთარი შვილი დაიტიროს. მოუკლეს და შვილის დატირების საშუალებას არ აძლევენ -ამას ვამბობს, ეს ადამიანურ ურთიერთობაში არ ჯდება. ჩვენ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. სიახლე არის ის რომ დეპუტატები ახლა იმყოფებიან საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეხვედრაზე, მართავენ შეხვედრებს და ველოდებით ინფორმაციას", - აღნიშნა ხუნდაძემ.
ხუნდაძესთან ერთად, აქციაზე იმყოფება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.