აჭარაში ფასდაკლების კვირეული დაიწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ტურიზმისა დეპარტამენტის მხარდაჭერით „Discount Week“-ის კამპანია რეგიონში 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
აჭარაში ფასდაკლებების კვირეულში ჩართულია 15 სასტუმრო, 11 კვების ობიექტი, 5 ატრაქცია და 5 სავაჭრო ობიექტი. „Discount Week“-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარაში მდებარე სასტუმროებს, რომლებსაც გააჩნიათ 39 ან მეტი ოთახი და უნდა წარმოადგინონ არსებულ სეზონზე გამოცხადებული ფასიდან 30%-იანი ან მეტი ფასდაკლება.
ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასურველ სასტუმროს დაჯავშნის ნომერზე დარეკვით უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი, რომელიც განთავსებული იქნება ვებ-გვერდზე georgia.travel/discounts-ზე. სპეციალური პრომო კოდი ვრცელდება პროექტში მონაწილე სხვა ობიექტებზეც.
ფასდაკლების კვირეულისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა, რომელიც პროექტის სატელევიზიო გაშუქებას და სოციალურ ქსელში რეკლამას მოიცავს. სპეციალურ ვებ-გვერდზე discounts.georgia.travel განთავსებულია კვირეულში მონაწილე ყველა სასტუმრო, სავაჭრო, საკვები და სხვა ტურისტული ობიექტი შესაბამისი შეთავაზებით.
„Discount Week“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ტურისტული სერვისების ფასდაკლების კვირეულს მოიცავს. კამპანიის მიზანია რეგიონის პოპულარიზაცია და არასეზონურ პერიოდში შიდა ტურიზმის წახალისება, ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს დამსვენებლების მოზიდვაში, რაც საბოლოო ჯამში მათ ბიზნესზე დადებითად აისახება. აჭარის შემდეგ ფასდაკლების კვირეული კახეთში გაიმართება.