დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოში ვიზიტით 4 ამერიკელი კონგრესმენი იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ სანდო წყარომ მიაწოდა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, კონგრესმენები პატრისიო რიბოლა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დები როდელა (ნიუ მექსიკოს სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი), დევიდ კილგური (ფედერალური მთავრობის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი) და ვენდი ტეილორი ("Global Youth Food Project"-ის აღმასრულებელი დირექტორი) შეხვედრებს დღეიდან დაიწყებენ.
ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდებიან. ასევე, ჩანიშნულია შეხვედრა აშშ-ს საელჩოშიც. ამასთან, ამერიკელი კონგრესმენები ჩაბუქის სასამართლო პროცესს 19 თებერვალს, 13.00 საათზე დაესწრებიან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ევროპარლამენტარები სტუმრობენ. ქლერ მუდისა და რებეკა ჰარმსის შეხვედრების ერთ-ერთი თემა მუსტაფა ჩაბუქის საკითხი იყო. სწორედ ამ თემაზე რებეკა ჰარმსმა სამუშაო შეხვედრა გამართა სახალხო დამცველის ოფისში და არასამთავრობო სექტორსაც შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ღია მხარდაჭერა ჩაბუქის მიმართ და მადლობა გადაუხადა თემაზე მომუშავე ჯგუფს. ასევე, რებეკა ჰარმსმა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მუსტაფა ემრე ჩაბუქი მოინახულა. შემდეგ კი, მუსტაფა ჩაბუქის ოჯახს ეწვია ორთაჭალაში.
საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარი ქლერ მუდი კი იმ სკოლას ეწვია, სადაც ჩაბუქი ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა. შეხვედრის ფარგლებში ევროპარლამენტარი ჩაბუქის ოჯახის წევრებს, მის მეუღლესა და შვილებს, ჩაბუქის კოლეგებს და ჩაბუქის მეგობრებს შეხვდა. ევროპარლამენტარებმა ჩაბუქის ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ევროპის ტრიბუნიდან თემის კიდევ უფრო მხარდაჭერა აღუთქვეს.
შეგახსენებთ, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისში, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო 19 თებერვალს იმსჯელებს.