პროკურატურა ოჯახური ძალადობის ფაქტზე მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტზე, დაკავებული მესაზღვრე-კონტროლიორის, პატრულ-ინსპექტორის ლ.რ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობა და ბრალდებულს გირაო 5 000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა.
"საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ლ.რ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.რ.-მ 2018 წლის 4 იანვარს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ლ.კ.-ს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის დაზიანება.
ლ.რ.-ს მიერ ჩადენილი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას ლ.რ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ კანონით დადგენილი წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს და მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 14 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად გატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრე კონტროლიორი, პატრულ-ინსპექტორი ლ.რ. დააკავა.