,,დავით როსტომაშვილის შვილმაც მამის მიერ მიცემული ცრუ ჩვენება გაამყარა. პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე, შურისძიებას აქვს ადგილი და მათ ჩვენებას აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი ეწირება“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დავით როსტომაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ზურაბ ქუთელიას ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ.
როსტომაშვილის ქალიშვილი, რომელმაც დღეს სასამართლოში ჩვენება მისცა, თავდასხმის მომენტში მამასთან ერთად იმყოფებოდა.
„მოსალოდნელიც იყო, რომ შვილი მამის მიერ მიცემულ ჩვენებას გაამყარებდა. ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, რაც უშუალოდ საქმესთან შემხებლობაში იყო, პასუხობდა, რომ ბევრი რამ არ ახსოვდა. ის მხოლოდ ბრალდების მიერ დასმულ შეკითხვებზე სცემდა პასუხებს. რატომღაც, ეს ყველაფერი ბრწყინვალედ ახსოვდა“, -აცხადებს ბარდაველიძე.
მისი განმარტებით, მოწმეები ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებზე საუბრობენ.
„გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემული ჩვენებები გარკვეულ ნაწილში ურთიერთსაწინააღმდეგოა. მათ მიერ მიცემული ბევრი ჩვენება, მტკიცებულებებთან და სხვა მოწმეთა მიცემულ ჩვენებებთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩემი აზრით, პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე, შურისძიებას აქვს ადგილი და მათ ჩვენებას აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი ეწირება“, - აცხადებს ადვოკატი.
ბარდაველიძის თქმით, როსტომაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა გამოძიებას დაუყოვნებლივ არ განუცხადა.
„დავით როსტომაშვილი პოლკოვნიკი ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი გახლავთ. პოლკოვნიკის შვილმაც და თავად პოლკოვნიკმაც, იმ წამსვე იცოდნენ, იმ პირების შესახებ, რომლებიც მას თავს დაესხნენ, მაგრამ გამოძიებას ოპერატიული ინფორმაცია არ მიაწოდეს. როსტომაშვილმა ეს მაშინ გააკეთა, როცა მისი დაკითხვა ღამის საათებში მოხდა. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაახსენდათ, რომ დანაშაულის ადგილზე თურმე, ზურაბ ქუთელიაც იმყოფებოდა“, - აღნიშნავს ბარდაველიძე.
კირვალიძის დედის განცხადებით, როსტომაშვილი ციხეში პატიმრებს, მათ შორის, მის შვილსაც ფიზიკურად უსწორდებოდა. „ჩემმა შვილმა ამოიცნო, რომ ნაცემია როსტომაშვილისგან, ამიტომ კაცურად სცემა ჩემმა შვილმა და დავით როსტომაშვილმა ყაჩაღობის მუხლით აღუძრა საქმე სამ უდანაშაულო ბიჭს“, - აცხადებს ბექა კირვალიძის დედა ლია ბეჟაშვილი.
აღნიშნულს ქუთელიას უფლებადამცველი არ გამორიცხავს.
„აღნიშნული ფაქტი ჩემთვის ცნობილი არ არის, თუმცა, ბატონ დავითს ძალოვან სტრუქტურაში უამრავი ცუდი რამ აქვს გაკეთებული, შესაბამისად, ამ ფაქტსაც არ გამოვრიცხავ. ამასთან დაკავშირებით, უამარავი დაუზუსტებელი ინფორმაციაა. რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, წარმოდგენაც კი არ აქვს, რა მიზეზით ადებს მას დავით როსტომაშვილი ხელს..
ის აგაჯანოვს არც კი იცნობდა, მათ ერთმანეთი ციხეში გაიცნეს. კირვალიძე ცემის ფაქტს აღიარებს. აგაჯანოვიც აბსოლუტურად უდანაშაულოა. ბექა და აგაჯანოვი ერთ უბანში ცხოვრობენ. მას ბექამ სთხოვა ერთი ადგილიდან მეორეზე მისი ავტომობილით გადაეყვანა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა უნდა მომხდარიყო. ქუთელია იმ მომენტში სპორტდარბაზში იმყოფებოდა. მან შემთხვევის ადგილზე მომხდარის შემდეგ მანქანით ჩაიარა. აგაჯანოვი მომხდარიდან ერთ თვეში დააკავეს, ქუთელია კი, მომხდარიდან 8-9 საათში.
არც გამკვირვებია, როსტომაშვილი უდანაშაულო ადამიანს ხელს რომ ადებს. მას ჰქონდა იმის საშუალება, რომ უდანაშაულო ადამიანისკენ ხელი არ გაეშვირა, თუმცა ასე არც ის და არც მისი შვილი არ მოიქცა“, - აცხადებს ბარდაველიძე.
ცნობისთვის, დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე სამი პირია ბრალდებული - ბექა კირვალიძე, ზურაბ ქუთელია და არტემ აგაჯამოვი.