სს „ელიტ ელექტრონიქსი“ ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"სამწუხაროდ კიდევ ერთხელ იძულებული ვართ გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ ანზორ ქოქოლაძის მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე. უპირველეს ყოვლისა სს “ელიტ ელექტრონიქსი” არ და ვერ ჩაერევა კომპანიის ყოფილ და ახლანდელ მფლობელთა საკუთრების უფლებებში და ამ კუთხით თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია ვინმეს ამისათვის შეუძლია მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს, თუმცა რამდენადაც საზოგადოებისათვის ცნობილია ამ საკითხზე დავა დასრულებულია საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამდენად, სს “ელიტ ელექტრონიქსის” წართმეულ ბიზნესად მოხსენიება და ამ კონტექსტში ქოქოლაძის მხრიდან თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები რბილად რომ ვთქვათ მტკნარი სიცრუეა.
საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ამჟამად იხილება სასამართლოში, წარმოადგენს მთავარი პროკურატურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეს, სადაც ანზორ ქოქოლაძე ბრალდებულია ორი მუხლით, კერძოდ სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს კუთვნილი ფულადი სახსრების 3,4 მილიონი ლარის თაღლითური გზით დაუფლებისათვის და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისათვის, ხოლო სს “ელიტ ელექტრონიქსი” ამ საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.
ჩვენც დიდი ხანია მოთმინებით ველოდებოდით ამ საქმის განხილვას და შესაბამისად ჩვენ მხოლოდ მივესალმებით სასამართლოს მხრიდან პროცესების გამართვას, რადგან მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი და აღსრულდეს მართლმსაჯულება. აქვე გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ანზორ ქოქოლაძე ერთხელ უკვე ნასამართლევია თაღლითობისათვის, კერძოდ ის თაღლითურად დაეუფლა სს“ელიტ ელექტრონიქსი”-ს კუთვნილ 6,5 მილიონ ლარს და 2012 წლის დასაწყისში პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან.
ანზორ ქოქოლაძე რომ სიცრუისა და ცილისწამების ტირაჟირებითაა დაკავებული ეს არ გახლავთ ახალი ამბავი. აშკარაა, რომ ბრალდებული ანზორ ქოქოლაძე ცდილობს, ყოველი სასამართლო პროცესის წინ საზოგადეობის ყურადღება გადაიტანოს მამუკა ხაზარაძეზე, სს “ელიტ ელექტრონიქსი”-ს ახალ მენეჯმენტზე და სხვებზე, ხოლო ამ გზით გადაფაროს მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი მძიმე დანაშაულები, რომელსაც სახელმწიფო ედავება ქოქოლაძეს. ამასთან, ქოქოლაძე მიმართავს არაეთიკურ საშუალებებს და საჯაროდ, ურცხვი ბრალდებებით, თავს ესხმის სხვა უდანაშაულო პირებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ სასამართლო ახლო მომავალში დაადგენს ჭეშმარიტებას”, აღნიშნულია „ელიტ ელექტრონიქსის“ განცხადებაში.