მსოფლიო ბანს, პაატა ბურჭულაძეს სასამართლოში ხვალ დაკითხავენ, თუმცა, ზუსტი დრო ამ დრომდე არ არის დაზუსტებული. აღნიშნული ინფორმაცია „ჯი-ეიჩ-ენს“ ბურჭულაძის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა მიაწოდა.
მისი განმარტებით, ბურჭულაძე მზად არის მისი ფონდის გარშემო არსბეულ ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გასცეს. თუმცა, საგამოძიებო უწყებასთან კითხვები თავადაც აქვს.
„ბუნებრივია, კითხვები ფონდ „იავნანას“ საქმიანობას შეეხება. თუმცა, ბატონი პაატა მზად არის ყველა შეკითხვას სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი გასცეს.
ბატონი პაატას მთავარი კითხვა რიტორიკულ ხასიათს ატარებს. მას ბუნებრივია, გაუჩნდა კითხვა, საერთოდ რატომ დაიწყო ეს გამოძიება და თავად თუ არის საგამოძიებო ორგანო იმაში დარწმუნებული, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო?“, - აცხადებს ბარათაშვილი.
ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა. მან ჩვენების მიცემა სასამართლოში ისურვა.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.