„მერაბ კვირიკაშვილის მოლოდინით, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება. ავტოსაგზაო შემთხვევა მისი ბრალეულობით ნამდვილად არ მომხდარა“, - განუცხადა პროცესის დასრულების შემდეგ, „ჯი-ეიჩ-ენს“ კვირიკაშვილის ადვოკატმა, ნუკრი კვინიკაძემ.
დღევანდელ პროცესზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას - ექსპერტიზის დასკვნას განიხილვადნენ.
სხდომაზე, ბრალდების მხარემ შუამდგომლობა დააყენა, დაიკითხონ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, რომლებმაც სატრანსპორტო ტექნიკურ ტრანსოლოგიური ექსპერტიზის შესახებ დადეს დასკვნა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენთან“, კვირიკაშვილის ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარემაც იგივე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რადგან კვინიკაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მერაბ კვირიკაშვილს ამართლებს.
აღნიშნული შუამდგომლობები სასამართლომ დააკმაყოფილა და პროცესი 19 მარტისთვის გადადო.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისში ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც, გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მეგობარი ანი ჩხაიძე ადგილზე დაიღუპნენ. ისინი მსუბუქი „NISSAN TIIDA“-თი გადაადგილდებოდნენ. მათ BMW-ს მარკის X-5 დაეჯახა, რომელსაც მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა მისი მეუღლეც. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.