მთავრობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის შექმნას გეგმავს, - ცვლილებები „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“კანონში შედის.
ცვლილებები განპირობებულია ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის სირთულით. გადახდისუუნარობის საქმეში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გამარტივებისა და მოწესრიგებისათვის განკუთვნილი ელექტრონული სისტემა, რის გამოც საფრთხე ექმნება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეუფერხებლად განხორციელებას.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება სასამართლოებში გადახდისუუნარობის ელექტრონული სისტემის ამოქმედების შესახებ.
განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, ტექნიკური დახმარება აღმოუჩინოს მართლმსაჯულების სისტემას და დაეხმაროს მას ელექტრონული სისტემის შექმნასა და დანერგვაში. შესაბამისად, ელექტრონული სისტემის გამართულად და სრულყოფილად ამოქმედებამდე, შემოთავაზებულია პარალელურად იმ წესების მოქმედება, რომლებიც 2018 წლის 1 იანვრამდე, ანუ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2012 წლის 29 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე არსებული კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. მათ შორის, ამავე კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და გამოქვეყნებას მატერიალური ფორმატით, ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე.