„ექსპერტიზით დადასტურდა, რომ კვირიკაშვილის ბრალეულობით ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა, ნუკრი კვინიკაძემ.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ექსპერტებმა საქმის მასალები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში კვირიკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს საქმის არსებითი განხილვა ბრალდების მხარის მიერ დანიშნული ესპერტიზის დასკვნით განახლდება.
„სამართლო განხილვები შეჩერებული იყო, რადგან ბრალდების მხარე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა. დღეს ბრალდების მხარე იმ მტკიცებულებას - ექსპერტიზის დასკვნას წარადგენს, რომელიც მოიპოვა“, - აცხადებს კვინიკაძე.
როგორც ის განმარტავს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კვირიკაშვილი გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა.
„კვირიკაშვილი დასაშვები სიჩქარით მოძრაობდა. ეს დგინდება საქმეში არსებული მასალებით, როგორც ექსპერტიზის დასკვნით, ასევე იმ მტკიცებულებებით, რაც შემთხვევის ადგილზე იყო აღმოჩენილი, შემთხვევის დათვალიერების ოქმით, სქემით, ფოტოილუსტრაციით, ავტომობილების განლაგებით და ა.შ.“, - აცხადებს ადვოკატი.
განმეორებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის არ სჯერა გარდაცვლილ გიორგი პაპასკირის დედას, ნანა თოდუას, რადგან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პირველი დასკვნის საფუძველზე მერაბ კვირიკაშვილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დამნაშავედ ცნეს.
ადვოკატი კი აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანომ ექსპერტიზას სრულყოფილი დოკუმენტაცია არ წარუდგინა, რის საფუძველზეც მოხდა პირევლ შემთხვევაში კვირიკაშვილის ბრალეულობის დადასტურება.
„გამოძიებამ პირადპირ მიუთითა, რომ კვირიკაშვილი ყოველგვარი ხელშემშლელი პირობების გარეშე გადავიდა შემხვედრ სამოძრაო ზოლში. თუმცა, საქმის მასალები სულ სხვა რამეზე მეტყველებს“, - აცხადებს კვინიკაძე.
ის გამორიცხავს, რომ მერაბ კვირიკაშვილი შესაძლოა დამნაშავედ ცნონ.
„ერთი წუთითაც არ ვუშვებ, რომ მერაბ კვირიკაშილი სასამართლომ შესაძლოა დამნაშავედ ცნოს, რადგან საქმის მასალებით მისი ბრალეულობა არ დასტურდება“, - აცხადებს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისში ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა, რომლის შედეგადაც, გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მეგობარი ანი ჩხაიძე ადგილზე დაიღუპნენ. ისინი მსუბუქი „NISSAN TIIDA“-თი გადაადგილდებოდნენ. მათ BMW-ს მარკის X-5 დაეჯახა, რომელსაც მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა მისი მეუღლეც. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.