პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი „საქართველოს ფოსტის" ახალი პროდუქტის „მალეოს" პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ტექნოპარკის შენობაში გაიმართა.
მისალმებაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა „საქართველოს ფოსტის" და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა. მისი თქმით, მოგების რეინვესტირების შედეგად კომპანიაში დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეები და მომსახურების მაღალი სტანდარტები, რომლის შედეგადაც „საქართველოს ფოსტა" სრულფასოვან საფოსტო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს და რაც მთავარია, კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანის დრო მინიმუმდეა შემცირებული.
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ფოსტის საქმიანობის ამსახველ სტატისტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიას დღეს აქვს მნიშვნელოვანი ზრდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გზავნილების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „საქართველოს ფოსტის" გზავნილთა ჩაბარების მაჩვენებელი, რომელიც, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, 97%-ს შეადგენს. „საქართველოს ფოსტამ" შარშან დეკემბერში გზავნილთა გამტარიანობის რეკორდული მაჩვენებელი აჩვენა, ფოსტის სერვისცენტრებმა უზრუნველყვეს 250 000-მდე გზავნილის გატარება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 30%-ით აღემატება, სერვისცენტრების საშუალო დღიურმა გამტარიანობამ კი 9 000 გზავნილს გადააჭარბა" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა კომპანიის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, რომელიც ელექტრონული კომერციის პლატფორმის ამოქმედებას შეეხება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, ფოსტა აამოქმედებს პლატფორმის ერთ კომპონენტს „მალეოს", რომელიც, ძირითადად, საქართველოს რეგიონების მოსახლეობაზეა გათვლილი. მისი მეშვეობით, უცხოეთის ინტერნეტმაღაზიებიდან შეკვეთილ პროდუქციას რეგიონების მაცხოვრებლები „საქართველოს ფოსტის" სერვი ცენტრებში იგივე ტარიფით მიიღებენ, როგორც დიდი ქალაქების მოსახლეობა.
„მალეოს" ძირითადი მიმართულებები პრეზენტაციაზე დამსწრე აუდიტორიას „საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გააცნო, რომლის შემდეგაც მოხდა სარეკლამო ვიდეორგოლის ჩვენება.