შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლომთათიძის ქუჩაზე დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმე გახსნა, - ამასთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
„ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გავხსენით. ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეტას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს, 1980 წელს დაბადებული დ.ქ.,-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული თბილისში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, ცეცლხსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით“, - განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.