საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე განაგრძობს სამუშაო ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ფინანსთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟანგთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ენტონი დე ლანოისთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსთან, ვიტორ გასპართან.
მხარეებმა მიმოიხილეს სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, 2017 წლის ფისკალური მაჩვენებლები, ისაუბრეს მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმების შესახებ.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ჩემს ქართველ კოლეგებს საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. ჩვენ ძალიან კმაყოფილებები ვართ იმ პროგრესით, რომელიც აქვს თქვენს ქვეყანას, რაც საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ, ასევე, მივესალმეთ ფინანსთა მინისტრის განცხადებას - მომავალშიც გაგრძელდეს ის რეფორმები, რომელიც მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში და რომელთა ძირითადი მიზანი, ფინანსური სტაბილურობა, ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება და სტრუქტურული რეფორმების ხელშეწყობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სურვილია, გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა იმ მისწრაფებაში, რაც გულისხმობს, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ, ტაო ჟანგმა.
ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა აშშ-ის ხაზინასა და სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, სადაც საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.
ფინანსთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს 3 თებერვალს დაასრულებს.