ახალი ბიზნესომბუდსმენმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან დღეს პირველი შეხვედრა გამართა. ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესთან შეხვედრები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება როგორც მსხვილ ბიზნესგაერთიანებებთან ასევე სხვადასახვა ბიზნესექტორში მოღვაწე ბიზნესგაერთიანებებთან.
“ამ შეხვედრების ფარგლებში ყველა საკითხის პრიორიტეტიზაციას მოვახდენთ და ამ საკითხების შესაბამის, ადმინისტრაციულ უწყებებამდე მივიტანთ. ამიტომ ჩვენ ამ შეხვედრებს ვანიჭებთ ძალიან დიდ მნიშვნელობას და ეს კომუნიკაცი იქნება მუდმივი. ზოგადად ქვეყანაში ბიზნესგარემო არის პოზიტიური და ამას აჩვენებს მაკროეკონომიკური მაჩვენებელები, ასევე საერთაშორისო შეფასებები, თუმცა ბიზნესის წარმოების პროცესში შესაძლოა არსებობდეს ტექნიკური თუ რიგი თემატური საკითხები, რომელიც საჭიროებდეს უფრო მეტ მხარდაჭერას”, – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.
მისივე თქმით, აპარატში შესული განცხადებებიდან იკვეთება რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემებია.
“სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომელიც აწუხებს ბიზნესის წარმომადგენლებს. ეს საკითხი შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ, პირველი ეს არის ვადები, რომელიც უკავშირდება სასამართლოებში ბიზნეს დავების განხილვას. ეს დღეს არის ბიზნესის წუხილი, რამდენადაც ბიზნესს ამ თვალსაზრისით დიდ დანაკარგებთან აქვს საქმე და ბიზნესისთვის დრო არის მნიშნელოვანი. მეორე არის თვითონ ბიზნესდავების განხილვის პრაქტიკა, რადგან ბევრი სპეციფიური საკითხია, რომელსაც სჭირდება შესაბამისი კომპეტენციები. ამიტომ ამ საკითხების შესწავლის შემდეგ ჩვენ გვექნება ყველა მიმართულებით კომუნიკაცია და გადაწყვეტილები, რომელმაც შესაძლოა ამ მიმართულებით შედეგები მოიტანოს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.