თბილისის საქალაქო სასამართლოში მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მომხდარ ინციდენტის მოწმე დაიკითხა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული პირის, გიორგი სილაგაძის ადვოკატი მანანა აფხაძე ამბობს, რომ მოწმე უარყოფს პოლიციელების ჩვენებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცავებს შეურაცხყოფას აყენებდა. მისივე თქმით, „ყველანაირად მტკიცდება, რომ პოლიციამ თავის უფლებამოსილებას გადაამეტა“, - აცხადებს ჯი-ეიჩ-ენთან“ მანანა აფხაძე.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელზე დაზიანებები აქვს, ის ვარაუდობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყება.
„გიორგი სილაგაძეს თითზე აქვს ნაკბენი, ხელზეც ნაჭდევები აქვს, მას სამართალდამცავებმა დაკავებისას სხეულის დაზიანება მიაყენეს. ვიდეოშიც ისმის, სილაგაძე ხმა, რატომ მკბენო. ამის ამსახველი ფოტომასალაც გვაქვს და, სავარაუდოდ, გამოძიებაც დაიწყება, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში გასაუბრება გვქონდა“, - განმარტავს ადვოკატი.
თბილისის საქალაქო სასამართლო ახალ მტკიცებულებებს იკვლევს.
შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ საპატრულო პოლიციამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), 2 პირია დააკავა. შსს-ს ცნობით, დაკავებულები მეტროპოლიტენში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, იყენებდნენ უცენზურო სიტყვებს.