თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა.
საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, პროცესზე დაიკითხნენ მშობლები. მისი განმარტებით, დაკითხულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსობრივ მხარეზე, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.
„მათ საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს, თუ რა წყაროდან აქვთ ამ პირებს ინფორმაცია, რა ვითარებაში ან ვისგან შეიტყვეს, ეს სასამართლო სხდომაზე დააფიქსირეს, შესაბამისად, სასამართლომ ეს ინფორმაცია მიიღო. რამდენად გამოიყენებს, ეს განაჩენზე აისახება. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში ასახული ინფორმაცია, რაც გამოძიების ეტაპზე იქნა მოპოვებული და არამხოლოდ ამყარებს, არამედ ადასტურებს ბრალდებულებისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას“, - განუცხადა ჟურნალისტებს, პროცესის დასრულების შემდეგ, პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მკვლელობაში ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებული ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის მტკიცებით, დაკითხულებს რაიმე განსაკუთრებული, საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გააჩნდათ.
უფლებადამცველის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეები არიან თვითმხილველები, რომელთა ჩვენებასაც გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენი უნდა დაეფუძნოს.
„დღეს დაკითხულმა პირებმა ისაუბრეს ბრალდებულთა შესახებ და მოგვაწოდეს ინფორმაციები, თუ რა პოზიციები ჰქონდათ საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ისინი თვითმხილველები არ არიან, შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებული, საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ გააჩნდათ, რაც შეეხება მათი ჩვენებების შინაარსს, არ მაქვს უფლება, ამ ეტაპზე, გავაჟღერო.
ყველაზე მნიშვნელოვანი მოწმეები არიან თვითმხილველები, რომელთა ჩვენებასაც გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენი უნდა დაეფუძნოს. მათი დაკითხვა შემდეგ სხდომებზე მოხდება, თუმცა დაცვის მხარისთვის წინასწარ არაა ცნობილი, როდის წარადგენს მათ ბრალდების მხარე“, -აღნიშნა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი მოკლეს.
საქმეზე ორი დაკავებული მოზარდი, რომლებსაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოკლულ ლევან დადუნაშვილის დედა და დავით სარალიძის მამა. მათ შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს. შემდეგი სხდომა 9 თებერვალს 10 საათზე ჩაინიშნა. ჩვენებას 2 მოწმე მისცემს, მათი ვინაობა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.