ერთობლივი პროტოკოლის ხელმოწერით დასრულდა საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეოთხე შეხვედრა, რომელშიც აისახა ორი ქვეყნის ყველა პრიორიტეტული სოციალურ-ეკონომიკური პროექტი და მიმართულება. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდნენ მისი თანათავმჯდომარეები - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი.
კომისიის სხდომის დასაწყისში გაკეთებულ მოკლე განცხადებებში, კომისიის თანათავმჯდომარეებმა მოკლედ მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებულად აღინიშნა ის გარემოება, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური კავშირების დაახლოება განსაკუთრებით საჩინო გახდა ორი ქვეყნის უმაღლესი პირების შეხვედრების შედეგად. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მარტში საქართველოს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა, რომლის ვიზიტსაც კომისიის თანათავმჯდომარეებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს.
კომისიამ განიხილა ორი ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობების განვითარებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა და ამ მხრივ, ყველა ბარიერის მოხსნა, სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებით თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც ორი ქვეყნის უფრო მეტი პროდუქცია გაიგზავნება ერთმანეთის ბაზრებზე. განხილულ საკითხებს შორის იყო ერთობლივი საამწყობო საწარმოების შექმნა, რომლის დროსაც ბელარუსულ ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება მთელი რიგი სოციალურად მნიშვნელოვანი პროდუქციის შექმნა. კომისიის სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ბელარუსულ კომპანიასთან „მოგილევ ლივფტმაშთან“ ერთად შექმნილ ერთობლივ საწარმოზე, რომელიც ლიფტებს უკვე რამდენიმე თვეში გამოუშვებს.
კომისიის სხდომაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა საქართველოში ბელარუსული პროდუქციის მაღაზიების გახსნის ფაქტს. ამჯერად, მიმდინარეობს მუშაობა ქართული მაღაზიის გახსნისა ბელარუსში. ამ საკითხზე ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ მიხაილ რუსიმ განაცხადა, რომ ბელარუსელ ხალხს არჩევანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, შეიძინოს მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია.
განხილულ საკითხებს შორის იყო საკითხი ბელარუსში ქართული ღვინის მოცულობის გაზრდის შესახებ. აღინიშნა, რომ ეს საკითხი მალე გადაწყდება ბელარუსული კანონების თავისებურების გათვალისწინებით.
კომისიაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ბელარუსელი ტურისტების ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირი ავიარეისების არსებობამ. ამ ეტაპზე, ბელარუსული ავიაგადამზიდავი „ბელავია“ რეგულარულ ფრენებს ასრულებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. კომისიაზე მოხდა შეთანხმება, რომ ქვეყნებს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა დამატებითი ავიამიმართულებების დანიშვნის შესახებ.
თანამშრომლობა გაღრმავდება სატრანსპორტო-ლოგისტიკური მიმართულებითაც. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია განვითარდეს ყველა არსებული სატრანსპორტო მიმართულება, მათ შორის, საქართველოს საზღვაო პორტების გამოყენებით.
განხილულ საკითხებს შორის ასევე იყო თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსა და ბელარუსის ფარმაცევტულ კომპანიების შორის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ პროდუქციაზე, რომელთა იმპორტსაც ბელარუსი ახორციელებს და ამავე დროს, საქართველო არის მათი მწარმოებელი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებობს დიდი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობა. ასეთ პროდუქციას წარმოადგენენ: ფეროშენადნობები, სპირტიანი სასმელები, განსაკუთრებით ბრენდი, თხილი და სხვ.
კომისიაზე ასევე მოეწერა ხელი საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური განვითარების სამუშაო ჯგუფის მესამე სხდომის ოქმს, რომლის ძირითადი მიმართულებებიც უკვე მთავრობათაშორისი კომისიის საბოლოო პროტოკოლში აისახა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
კომისიაზე ასევე გაფორმდა შეთახმება საქართველოს კახეთის მხარეს და მინსკის ოლქს შორის, რომლის დროსაც მხარეები შეთანხმდნენ 2018 – 19 წლებში ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.