შვედეთის პროკურატურამ ტერორიზმის მუხლით უზბეკეთის მოქალაქეს, რახმატ აკილოვს წაუყენა ბრალი. ,,რადიო თავისუფლება“ პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, რომ აკილოვმა აღიარა, რომ 2017 წლის 7 აპრილს, მოპარული ავტომანქანით, სტოკჰოლმის ცენტრში შეეჯახა ფეხით მოსიარულეებს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 14 ადამიანი.
გამომძიებლების ინფორმაციით, რახმატ აკილოვი, რომელმაც ერთგულება შეფიცა ექსტრემისტულ დაჯგუფებას, „ისლამურ სახელმწიფოს,“ სტოკჰოლმში თავდასხმას ამზადებდა რამდენიმე თვის განმავლობაში. შვედეთის პროკურატურა სასამართლოსგან ითხოვს აკილოვისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას. საქმის განხილვა თებერვალში დაიწყება.
უზბეკეთის მოქალაქე რახმატ აკილოვი შვედეთში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა და თავშესაფარს ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო.