კიევის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის უშიშროების სამსახურის აპელაცია და შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა.
სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობის საათებს კიევში, საკუთარ ბინაში კოსტელნაიას ქუჩა N7-ში გაატარებს.
სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. გენერალურმა პროკურორმა მაშინ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ სატელეფონო ჩანაწერები დამონტაჟებულია და აუცილებელია, რომ მასზე საერთაშორისო ექსპერტიზა ჩატარდეს.