„გავაშელი პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. მას ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხავენ, ის გამოძიებას ფაქტობრივ გარემოებებს მიაწვდის“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ადვოკატმა თამარ აბესაძემ. ის იმ პირის ადვოკატია, რომელმაც თბილისის პროკურორის მოადგილეს, გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მთავარ საგამოძიებო უწყებაში თენგიზ გავაშელთან ერთად, მისი მეუღლეცაა დაბარებული.
„შელაპარაკება მოხდა გზაზე. უპირატესი დათმობის ვალდებულება იმ მანქანას ჰქონდა, რომელსაც პროკურორი მართავდა, რადგან ის დაღმართში იდგა, გავაშელი კი აღმართზე ადიოდა. პროკურორს შეეძლო გაწევა, მაგრამ მას გზა არ დაუთმო. გავაშელს პატარა ბავშვი და მეუღლე ახლდა თან, ის ტაქსით მოძრაობდა. გავაშელი აღელვებული გადავიდა, ერთმანეთში შელაპარაკება მოუვიდათ. გავაშელმა სულ არ იცოდა, რომ ის ქალაქის პროკურორის მოადგილე იყო. უნდა დამტკიცდეს გარემობები, ნაცემია თუ არა ის“, - აცხადებს აბესაძე.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ გავაშელმა თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძეს ფიზიკური შეურაცხყოფა 23 იანვარს, წყნეთის ქუჩაზე მიაყენა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქმეს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია იძიებს.