დავოსის ფორუმი ჩვენთვის ძალიან კარგი შედეგების მომტანია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყველა ფორუმიდან ჩვენ გვქონდა კონკრეტული შედეგები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც ფორუმის ფარგლებში გამართული მნიშვნელოვანი შეხვედრები კიდევ ერთხელ შეაჯამა.
პოლიტიკური შეხვედრებიდან პრემიერმა გამოყო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან შეხვედრა, სადაც საუბარი შეეხო ენერგოტრანზიტის საკითხებს, მათ შორის კასპიის რეგიონიდან გაზის ტრანზიტის ახალ პროექტებსა და მასთან დაკავშირებულ პერსპექტივებს.
„საუბარი გვქონდა ენერგოკავშირში გაწევრიანების შემდეგ გადასადგმელ ნაბიჯებზე და ეს არის ახალი ენერგორეგულაციების ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და წლის პირველ ნახევარში დავასრულებთ. ძალიან საინტერესო დაა საქმიანი შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან. ფორუმი არის ჩვენი ქვეყნის წარმოჩენისა და მოკლე დროში ბევრ ადამიანთან შეხვედრის ძალიან კარგი შესაძლებლობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ბიზნესთან გამართულ შეხვედრებზე, რომლებიც ასევე იყო აბსოლუტურად კონკრეტული, ამა თუ იმ ბიზნესის მიზნებიდან გამომდინარე.
„ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა, აზრის ის, რომ საქართველო შედის ფაზაში, როდესაც ჩვენს მიერ გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებების შედეგების რეალიზებას ვიწყებთ. ეს შედეგი იყო ძალიან ცხადი დაა აბსოლუტურად ყველა, ვისაც შევხვდით, დაინტერესებულია ჩვენი სავაჭრო ხელშეკრულებების იმ კომბინაციით, რომელიც გაგვაჩნია - ევროპასთან, ჩვენს სამეზობლოსთან და, რა თქმა უნდა, ჩინეთთან.
საქართველო, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემოს მქონე ქვეყანა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, უფრო და უფრო მეტი კომპანიის მიერ განიხილება რეგიონული წარმომადგენლობის ადგილად სამხრეთ კავკასიაში და არა მხოლოდ ამ რეგიონში. შეხვედრები გვქონდა ძალიან მსხვილ, გლობალური მასშტაბის ინდურ კომპანია Wipro-თან, რომელიც ბიზნესაუთსორსინგის მნიშვნელოვან მიმართულებას განიხილავს - ანუ საქართველოდან ხდება სერვისების ექსპორტი. ამ მიმართულებით გვქონდა საუბარი. ასევე, ამერიკული უმსხვილესი ლოგისტიკური კომპანია Hillwood-თან ასევე გვქონდა საუბარი საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობის და ლოგისტიკური ცენტრის გახსნის თაობაზე. ეს კომპანიები, რა თქმა უნდა, განიხილავენ ამ საკითხს დაა ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კომუნიკაციაში დადებით შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანელზე, სადაც სიტყვით გამოვიდა, აბსოლუტურად ყველამ აღნიშნა საქართველოს პროგრესი და სისწორე იმ მიმართულებისა, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული.
„ეს აღინიშნა, როგორც პოლიტიკური ლიდერების, ასევე სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით იყო აბსოლუტური ერთობა. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ნამდვილად მივიდა იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ უნდა დავიწყოთ პრაქტიკულად ნაყოფის მოკრეფა ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან და დარწმუნებული ვარ, ამის შედეგები იქნება ძალიან აშკარა, რომელსაც ყველანი დავინახავთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.