სოფლად შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და მცირე და საშუალოსაწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მომსახურებისა და წარმოების გაუმჯობესება, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდა ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუანარიანობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. სწორედ ეს არის ახალი 12 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის მიზანი, რომელიც ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის ფარგლებში,გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ხორციელდება.
დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ევროკავშირის ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში სოფლის მეურნეობის განვითარების ხუთწლიანი პროექტის განხორციელების შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე ღონისძიებები: ფერმერების, ფერმერული კოოპერატივების, სოფლად მეწარმეებისთვის და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გათვალისწინებულია საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე ინდივიდუალური გრანტები, რაც მათ კონკურენტუნარიანობას აამაღლებს.
2013 წელს ENPARD-ის პირველი ფაზის დაწყებიდან დღემდე, FAO-მ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო განვითარების მხარდასაჭერად რამოდენიმე პროექტი განახორციელა. FAO-ENPARD-ის პირველი ორი პროექტი ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვისტექნიკური დახმარების გაწევას და სამინისტროს პერსონალის ზოგადი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას. გარდა ამისა, FAO-მ „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ ცალკეული კომპონენტების იმპლემენტაციაზე იზრუნა,კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, ექსტენციის სერვისების, სტატისტიკური/ანალიტიკური შესაძლებლობების, ღირებულებათა ჯაჭვის და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაზე. ENPARD III-ის ფარგლებში დაწყებული ახალი პროექტი პირველ ორ ეტაპზე FAO- ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგებს დაეფუძნება.
„ENPARD-ის I და II ფაზების ფარგლებში, FAO-მ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაზე იმუშავა, რაზეც ENPARD III ფარგლებში მუშაობა გაგრძელდება. ახალი პროექტით FAO საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქართველ ფერმერებს და მწარმოებლებს უფრო ინტენსიურად გაუზიარებს, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი წვდომა კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებზე, თანამედროვე ცოდნაზე და ტექნოლოგიებზე.“ - განაცხადა რაიმუნდ იელემ, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში.
პროექტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალს ევროკავშირის (EU) დელეგაციის ატაშე, პროგრამის მენეჯერი კრისტინა კასელა დაესწრო. მან ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის მზადყოფნა დაეხმაროს საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობისგანვითარებაში და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. "FAO-სა და სამინისტროს მიერ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ერთ-ერთი პირველია, რომელიც ENPARD-ის პროგრამის III ფაზის ფარგლებში გაფორმდა. პროგრამის მესამე ეტაპის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში გამოაცხადეს. 2013 წელს ENPARD-ის პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირი საქართველოს ძლიერ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას უწევს. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ახალი საწარმოო მოდელები და სტიმული მიეცა სოფლის მეურნეობაში თანამედროვე სერვისების განვითარებას. ჩვენი შეფასებით, ENPARD-ის პროგრამით საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა ამა თუ იმ ფორმით ისარგებლა. ახლახანს დაწყებული მესამე ფაზის ფარგლებში ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მთავრობის მხარდაჭერას, რათა ხელი შევუწყოთ სოფლის მერურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას." - განაცხადა კრისტინა კასელამ.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge