,,სტამბოლის ბაზრის” ერთ-ერთი მეწილის შვილის, დავით ბლუაშვილის განცხადებით, ქუთათელაძეს პირადად მასთან არაერთხელ უსაუბრია, რომ კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა ჭანტურიასთან. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, კონფლიქტი ბაზრის ფართს შეეხებოდა.
ბულუაშვილის თქმით, ქუთათელაძემ მას უთხრა, რომ გიორგი ჭანტურია საკუთარი კაბინეტიდან ”გააგდო კიდეც”. რაც შეეხება იმას, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა პირადად მას სამსონ ქუთათელაძესთან, ბლუაშვილი ამბობს, რომ მასთან კარგი, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა.
,,ქუთათელაძეს დაახლოებით 1 კვირის წინ შევხვდი, სანამ ეს ამბავი მოხდებოდა. საუბარი ეხებოდა ჩვენს საქმიანობას. მაშინაც ახსენა, რომ ჭანტურიასთან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა. შეხვედრა შედგა, იქ იჯდა რამდენიმე ადამიანი და ასევე კიდევ ერთი მეწილე. კონფლიქტის თაობაზე მას მანამდეც უხსენებია და დაადასტურა მაშინაც, რომ კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა. თქვა, რომ კაბინეტიდან გავაგდეო. ხელის შეხებამდე საქმე მგონი არ მისულა. კონფლიქტი იყო ბაზრის ფართთან დაკავშირებით, თუმცა ითხოვდა თუ არა ჭანტურია რაიმე დამატებით ფართს, ეს არ უხსენებია”, - განაცხადა ბლუაშვილმა.
მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებდა თუ სად იმყოფებოდა მკვლელობის დღეს, რაზეც მისი თქმით დასაბუთებული პასუხი გასცა.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი (სამსონ)სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.